თეგი: კობა ნაყოფია

კობა ნაყოფიას განცხადებით, სააკაშვილი "ვივამედში" გამოკვლევების ჩატარებაზე თანახმაა

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა კობა ნაყოფიამ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანონ. მაგრამ ეს დღეს ვერ მოხერხდება, რადგან მასთან მოსანახულებლად ოჯახის წევრები - დედა და ვაჟი შედიან. კობა ნაყოფიამ დღეს, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ინფორმირებული იყო იუსტიციის მინისტრის შეთავაზებაზე. „ მიხეილ სააკაშვილს შესთავაზეს, რომ "ვივამედში" გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში და თან შესთავაზეს, რომ ეს ყოფილიყო დღეს... მან უთხრა, რომ დღეს არა და ხვალ, ზეგ, მომდევნო დღეებში მზად არის, ანუ დაუდასტურა. საუბარი იყო, რომ დღეს უნდა გადაეყვანათ. მაგრამ დღეს ვერ გადავიდოდა, ვინაიდან შეხვედრა ჰქონდა ოჯახის წევრებთან, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ და დაამატა, რომ მიხელ სააკაშვილი აუცილებლად გადავა კვლევების ჩასატარებლად.  იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის თარიღი ცნობილია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს ჩატარდება. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ მედიას განუცხადა. მისივე თქმით, არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით ინიციატივა ნიკა მელიას მხარემ წარმოადგინა. „კანდიდატების წარმომადგენლებმა ორი პროექტი შემოიტანეს. ერთი პროექტი გულისხმობდა ელექტრონულ კენჭისყრას, საუბარი იყო „ფეისბუქ“ პლატფორმაზე, მეორე იყო - „ბლოკჩეინის“ პლატფორმა. ორივე მხარე „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ აღმოჩნდა“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ. რაც შეეხება თარიღს, კობა ნაყოფიას თქმით, ამასთან დაკავშირებით, თავად გამოვიდა ინიციატივით, რომ არჩევნების ჩატარების თარიღად დასახელებულიყო 2023 წლის 28-29 იანვარი. „ამ საკითხზეც სრული მხარდაჭერა იყო. პრაქტიკულად არცერთი წინააღმდეგი, პოლიტსაბჭომ მიიღო სრული მხარდაჭერით წინადადება და განისაზღვრა არჩევნების დღედ 28-29 იანვარი. კანდიდატთა რეგისტრაცია შეწყდება სამშაბათს, 18:00 საათზე, ამ დროის შემდეგ უკვე ახალი კანდიდატი ვერ დარეგისტრირდება“, - აღნიშნა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ. კობა ნაყოფიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი საზრუნავი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი გათავისუფლებაა. ცნობისთვის, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო.